მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გაფრთხილებები, ვადები და სიახლეები კანდიდატებისთვის
რეგისტრაციისა და საწყისი მომსახურების საფასური
რეგისტრაციისა და საწყისი ადმინისტრაციული მომსახურების საფასური — 300 ₾ — გადასახდელია ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თანხა სრულად დაუბრუნებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის პროცესის შეწყვეტის ან უარის შემთხვევაშიც.
საგარანტიო დეპოზიტი
საგარანტიო დეპოზიტი — 1,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში — წარმოსადგენია ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 2 საბანკო დღისა. გამგზავრების შემთხვევაში სრულად გიბრუნდებათ 10 საბანკო დღეში. თუ სამუშაო მოწვევის/ვიზის მიღების შემდეგ უსაფუძვლოდ და დოკუმენტურად დაუდასტურებელი მიზეზით უარს იტყვით გამგზავრებაზე, დეპოზიტი გადადის პირგასამტეხლოდ.
დოკუმენტების სისწორე
წარმოდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია უნდა იყოს ნამდვილი, სრული და მოქმედი. ყალბი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა ითვლება ხელშეკრულების არსებით დარღვევად.
სპეციალური დეპოზიტი (დამსაქმებლისგან)
დამსაქმებელი ყოველთვიურად რიცხავს სპეციალურ დეპოზიტს დასაქმებულის სახელზე — ეს თანხა ეკუთვნის დასაქმებულს და გაიცემა ისრაელიდან ლეგალურად გასვლის შემდეგ. თუ დასაქმებული ვიზის ვადის გასვლის შემდეგ უკანონოდ დარჩება ისრაელში, დეპოზიტიდან განხორციელდება მნიშვნელოვანი დაქვითვები, ხოლო ხანგრძლივი უკანონო ყოფნის შემთხვევაში შესაძლებელია მთელი თანხის დაკარგვა.
სამუშაო ადგილის მიტოვება — დეპორტაციის რისკი
დასაქმებულს არ აქვს უფლება თვითნებურად მიატოვოს სამუშაო ადგილი ან გადავიდეს სხვა დამსაქმებელთან უკანონოდ. სხვა დამსაქმებელთან მუშაობა ან კერძო სამუშაოს შესრულება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების და B/1 ვიზის პირობების დარღვევას და დეპორტაციის საფუძველს.
უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე
დასაქმებული ვალდებულია გამოიყენოს დამცავი აღჭურვილობა, დაიცვას უსაფრთხოების ინსტრუქციები და დაესწროს ტრენინგებს. ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გამოყენება სამუშაო ადგილზე მკაცრად აკრძალულია. ძალადობა, ნარკოტიკების მოხმარება, ქურდობა ან კანონდარღვევა შეიძლება გახდეს დეპორტაციის საფუძველი.
დამსაქმებლის შეცვლის უფლება
დასაქმებულს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით შეცვალოს დამსაქმებელი. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად დაუკავშირდით Work Visa Georgia-ს, რათა არ დაირღვეს ვიზის პირობები.
პროცესის ვადები
რეკრუტირების პროცესი, როგორც წესი, გრძელდება 60 დღემდე ხელშეკრულების ხელმოწერიდან, თუ დოკუმენტები სრულად და დროულად არის წარმოდგენილი. დამსაქმებელზე, საკონსულო/საიმიგრაციო პროცედურებზე ან სხვა დამოუკიდებელ მიზეზზე დამოკიდებული დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს 90 დღემდე.
WVG-ის როლი
WVG არის საქართველოს შრომის სამინისტროს ლიცენზირებული შუამავალი კომპანია და გთავაზობთ ადმინისტრაციულ, საკოორდინაციო და საინფორმაციო მხარდაჭერას. საბოლოო გადაწყვეტილებას სამუშაო ადგილზე, ხელფასზე, გრაფიკსა და პირობებზე იღებს უცხოელი დამსაქმებელი და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.
ვალდებულებები გამგზავრების შემდეგ
ისრაელში ჩასვლის შემდეგ სავალდებულოა დამსაქმებელთან შეთანხმებულ ვადაში გამოცხადება და სამუშაოს გაგრძელება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. სამუშაოს თვითნებურმა მიტოვებამ ან უსაფუძვლო შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს საგარანტიო დეპოზიტის პირგასამტეხლოდ გადაქცევა.
პრობლემის შემთხვევაში
თუ ისრაელში სამუშაო, საცხოვრებელი ან უსაფრთხოების პრობლემა შეგექმნებათ, დაუყოვნებლივ და წერილობით მოგვმართეთ — დაგეხმარებით კომუნიკაციასა და მედიაციაში დამსაქმებელთან.
სამუშაო დრო და დატვირთვა ისრაელში
დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს სამშენებლო სამუშაოები თვეში მინიმუმ 236 საათის განმავლობაში. რეგულარული სამუშაო დრო შეადგენს 182 საათს თვეში, ხოლო დამატებითი საათები ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და ანაზღაურდება ცალკე. სამუშაო კვირა შეადგენს 42 საათს და განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ.
ხელფასი ისრაელში
საბაზისო ხელფასი შეადგენს არანაკლებ 6,300 ისრაელის შეკელს (NIS) თვეში, ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება დამატებით: პირველი 2 საათი — 125%; შემდგომი საათები — 150%; დასვენების დღეს მუშაობის შემთხვევაში — 150%-დან 200%-მდე. ხელფასი ირიცხება მხოლოდ დასაქმებულის სახელზე გახსნილ ისრაელის საბანკო ანგარიშზე.
საცხოვრებელი და დაზღვევა
დამსაქმებელი უზრუნველყოფს მუშაკს საცხოვრებელი ადგილით და კერძო სამედიცინო დაზღვევას ისრაელში მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში. საცხოვრებელი უნდა იყოს გამოყენებული პასუხისმგებლობით, სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
სოციალური უფლებები
დასაქმებულს აქვს ანაზღაურებადი წლიური შვებულება, ავადმყოფობის დღეების ანაზღაურება, ოფიციალური დღესასწაულების ანაზღაურება და გამოჯანმრთელების (ჰავრაა) ანაზღაურება. წელიწადში ორჯერ დამსაქმებელი გადასცემს სადღესასწაულო საჩუქარს.